გადატვირთული რეანიმაციული განყოფილებები და ინფიცირების ისევ მაღალი მაჩვენებელი, სპეციალისტების შეფასებით, საგანგაშოა. ეპიდვითარება ქვეყანაში ისევ მძიმეა. ექიმები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება და რეკომენდაციების შესრულებაა.
რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გადატვირთვაზე საუბრობს მცხეთის კლინიკის სამედიცინო დირექტორიც. ექიმი ამბობს, რომ მძიმე პაციენტები კლინიკაში ყოველდღიურად შეჰყავთ.
მიუხედავად გადატვირთული განყოფილებებისა, ამ ეტაპზე, სისტემა უძლებს, რომ საჭიროების მიხედვით, ინფიცირებული ადამიანები სტაციონარში მოათავსონ. ექსპერტი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ დღეს ვიმყოფებით გართულებულ ვითარებაში, რადგან კოვიდ-19- თან ერთად ცირკულირებს რესპირატორული ვირუსებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ქვეყანაში ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის. მათი პროგნოზით, რამდენიმე კვირაში "ომიკრონი" საზღვრებს შიგნით დაფიქსირდება, რადგან ვირუსი უკვე 40 -მდე ქვეყანაში ცირკულირებს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია კიდევ 46 პაციენტი. ერთი დოზით 42%, ორივე დოზით კი მოსახლეობის თითქმის 36%-ია ვაქცინირებული.