25 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
"15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს" - ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულთა უფლებადამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და განჩინების გასაჩივრებას გეგმავენ.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი კი განმარტავს, რომ საქმეში დარღვევები არსებობს და მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ვერ შეძლო დაცვის უფლებით სარგებლობა.

"მიმაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები და ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დასაბუთებული ვარაუდის დანართს ვერ ქმნის. ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელშიც ბრალი წაუყენეს. დაცვის მხარე მოიკვლევს მტკიცებულებებს, წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას," - აცხადებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გოგა ბოგვერაძე.

ორი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთს განზრახ მკვლელობაში, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშულულებენ.

პროკურორის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ორივე არასრულწლოვნის მიერ მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, შესაბამისად სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ორივე არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა.

"სასამართლომ სრულად  გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა დასაბუთების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიაჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის მომატებული საფრთხე, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე მათ შორის მიმალვის საფრთხე. სასამართლომ აღნიშნული სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული პატიმრობა," - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მკვლელობა 4 დეკემბერს, თბილისში, სანზონაში მოხდა. 15 წლის მოზარდს მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

დღის ამბები