ჭადრაკის ლეგენდა Netflix-ის წინააღმდეგ - ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი კალიფორნიაში 24 იანვარს გაიმართება. თავდაპირველად Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა, სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა სასამართლო სხდომა.
მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ სერიალ "ლაზიერის გამბიტის"(The Queen’s Gambit) რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. მსოფლიოს მრავალ გზის რეკორდსმენი სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების თქმით, მათ შეძლეს გამოეკითხათ სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი, რომელმაც თავის ჩვენებაში აღიარა, რომ კარგად იცნობდა ნონა გაფრინდაშვილის ბიოგრაფიას.
"ჩვენ, ამ ეტაპზე, უნდა ვაჩვენოთ სასამართლოს, რომ Netflix-მა ეს გააკეთა განგებ. მას ჰქონდა ამის ცოდნა, ან მან მოახდინა სინამდვილის უხეში უგულვებელყოფა და ჩვენ ამას ძალიან თავისუფლად ვაჩვენებთ ამ მოცემულობით.
მოლოდინები ძალიან მაღალი გვაქვს, სწორედ ამიტომ წავედით ამერიკულ სასამართლოში. რაც უფრო წინ წავა ეს პროცესი, მგონია, რომ Netflix-ი ცოტა უფრო სხვა ხასიათზე დადგება," - განაცხადა იურიდიული ფირმის "ბიზნესის იურიდიული ბიურო (BLB)" პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა.
"3 დეკემბერს წარვადგინეთ ქალბატონი ნონ გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიცია Netflix-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი საპროცესო უპირატესობა გვაქვს მოპოვებული Netflix-ის წინააღმდეგ, გამომდინარე სცენარის ავტორის და პროდიუსერის დაკითხვის შემდეგ. ფრენს კოტმა ზეპირი გამოკითხვისას მნიშვნელოვანი აღიარებები და განცხადებები გააკეთა სერიალის სცენარის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობთ, რომ არსებითად დაგვეხმარება 24 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე," - აღნიშნა ადვოკატმა, ანა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.