16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ან არ დათანხმდებიან მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, მოგვიწევს ბრძოლა" - ლევან ხაბეიშვილი

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი ისევ გორის ჰოსპიტალშია და მკურნალობას განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს დღეს მისი ინტერესების დამცველები და თანამოაზრეები გეგმავენ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საზღვრის უკანონო გადმოკვეთასთან დაკავშირებით, სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში შემოსვლის უფლება აქვს.

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა, ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის ჰეროიკული აქტი. რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს ნამდვილად აქვს უფლება, შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში," – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ დათანხმდება, ოპოზიციას ბრძოლა მოუწევს. ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ პირველი ლოკაცია, სადაც სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გააპროტესტებენ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეზიდენცია იქნება.

"პრეზიდენტ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი განცხადება. როცა საუბარია ეროვნულ შერიგებაზე, ეს არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ან არ დათანხმდებიან იმ შეთავაზებას, რომელიც აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, მოგვიწევს ბრძოლა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საკუთარი სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც მან საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა და მისი განცხადებით, თუ ეს ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ის აქტიურ პერმანენტულ პროტესტს, ქუჩის საპროტესტო აქციებს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

დღის ამბები