მმართველი პარტიისთვის ოპოზიციის ბრალდებები, რომ კახა კალაძის ახალ შემადგენლობაში ცვლილებები არ არის, მიუღებელია. მათი თქმით, კახა კალაძის ახალ შემადგენლობაში არის ცვლილებები და მასში 4 ახალი გამგებელია წარმოდგენილი.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე იმ საკითხებზე საუბრობს, რომელზეც მუშაობა იგეგმება.
"მომდევნო 4 წლის სამუშაო გეგმა და პროგრამა წარვუდგინეთ თბილისის მოსახლეობას წინასაარჩევნოდ. თუ უნდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, აუცილებლად დავასახელებ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ქალაქში დგას, ინფრასტრუქტურული მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი განსახორციელებელი, ასევე, მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხი,“ - ამბობს ირაკლი ხმალაძე.
"ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, ვერც კახა კალაძე, კორუფცია და ნეპოტიზმი რომ იყოს. ჩვენ საზოგადოებამ დაგვიჭირა მხარი იმისთვის, რომ ის გაკეთებული საქმეები, რომელიც განხორციელდა 4 წლის განმავლობაში და თითოეული ჩვენი მოქალაქე ელოდება უფრო მეტ გაკეთებულ საქმეს და ჩვენ ვართ ორიენტირებული საქმეზე,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე.
საკრებულოში 16:00 საათზე უნდა დაიწყოს სხდომა, რომელზეც კახა კალაძის ახალი შემადგენლობას დაამტკიცებენ, მათ შორის მისი მოადგილეების, ასევე გამგებლების. სხდომას კახა კალაძე და ოპოზიციის სრული შემადგენლობა დაესწრება.