22 იანვარი 2022,   22:47
ვრცლად
"მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება" - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში კვლავ მძიმეა. ექიმების პროგნოზით, ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი, შესაძლოა, ზამთრის სეზონის განმავლობაში შენარჩუნდეს. ვითარებას სეზონური ვირუსებისა და ახალი შტამის გავრცელების საფრთხეც ართულებს, ამიტომ სპეციალისტთა მთავარ რეკომენდაციად კვლავ იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და რეგულაციების შესრულება რჩება.

"ვითარება კვლავ მძიმე რჩება, შეიძლება, კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ დაემთხვა პანდემიას გრიპის ვირუსის გავრცელება, ძალიან დიდი შანსია, რომ საწოლფონდს ძალიან გაუჭირდეს. რეგულაცია რჩება კვლავ იგივე, რაც, მიმაჩნია, რომ ადვილი გასაკეთებელი და დასაცავია მოსახლეობის მხრიდან - პირბადის ტარება, თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება, დისტანციის დაცვა და, რაც მთავარია, ვაქცინაცია,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე. 

"ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგი მაია კაშია კი აცხადებს, რომ აუცილებელია მოსახლეობამ ჩაიტაროს როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია. 

"მდგომარეობა ქვეყანაში იმდენად გაუარესებულია, რომ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. "ომიკრონის" შემოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს 3-4 კვირაში საქართველოშიც გამოჩნდება. ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტად იქნას დაცული რეგულაციები, ჩაიტაროს მოსახლეობამ როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია,"- აცხადებს მაია კაშია. 

დღის ამბები