ორწლიანი პანდემიის პერიოდში, საქართველოში ყველაზე რთული და ცივი ზამთარი დგება. საფრთხეები რეალურია. სეზონური გრიპი - "ტვინდემია" და ახალი შტამის მოსალოდნელი გავრცელება - ქვეყანას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მძიმე სეზონი ელოდება.
ცუნამი, შტორმი, გენოციდი - მოსალოდნელ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს, ექიმები ამ მოვლენებს ადარებენ. სპეციალისტები იმასაც გვახსენებენ, რომ საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო ქვეყნებს შორის მილიონ მოსახლეზე უკვე მე-4 ადგილზეა, იგივე ინდექსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი, მერვე პოზიციას იკავებს.
ქვეყანას, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ორი სტრატეგია აქვს - ერთი ვაქცინაციის ტემპის გაორმაგება და მეორე რეგულაციების შესაბამისი შესრულებაა. წინააღმდეგ შემთხვევში, ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების მიღმა დარჩება.
ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზაციის სხვა ეტაპზე გადავიდა. რადგან ინფექციის გავრცელების კუთხით, რისკები იზრდება, ახლა უკვე კლინიკურ სექტორთან მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჯიმში მიმდინარეობს.