C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა.
შემაჯამებელ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.
ტიკარაძის შეფასებით, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოწინავე ადგილს იკავებს.
"საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დაიკავებს მოწინავე ადგილებს. დღეს უკვე მიიჩნევა, რომ პროგრამა არის წარმატებული და შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი გამოხმაურება ამ მიმართულებით. მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც იყო ჩართული, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო აუცილებლად ყველა იმ პაციენტს, რომელიც პირველი დღიდან გვენდო ჩვენ და ენდო პროგრამას. სწორედ ნდობაზე არის დაფუძნებული ნებისმიერი პროგრამის წარმატება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ კი იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც აღნიშნული პროგრამის ამოქმედებიდან, 2015 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მისი თქმით, ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი 6 წლის თავზე მნიშვნელოვნად შემცირდა.
"76 000-მა ადამიანმა ჰპოვა შვება და განკურნების ეფექტი არის დაახლოებით 98%-ზე ზემოთ, ანუ C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა და დარწმუნებული ვარ ვიქნებით იმ პირველ 12 ქვეყანას შორის მსოფლიოში, რომელიც მიაღწევს ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
პარლამენტის, ერთ-ერთი პირველი ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ყოველ მე-18 ადამიანს ჰქონდა C ჰეპატიტი. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოში აღნიშნული პროგრამა ამოქმედდა, 10 000-მდე ადამიანმა ისარგებლა პროგრამით. სერგეენკოს შეფასებით, C ჰეპატიტი საქართველოში ფატალური დაავადებიდან, შედარებით იშვიათი და მართვადი დაავადება გახდა.
ცნობისთვის, 2014 წელს საქართველოში განხორციელდა "Gilead Sciences Inc."-ის წარმომადგენელთა ვიზიტი C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და სამკურნალო სიმძლავრეების შეფასების მიზნით, ხოლო 2015 წელს ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ფარმაცევტულ კომპანია "Gilead Sciences Inc."-ს შორის, რამაც საფუძველი ჩაუყარა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას ქვეყანაში.
ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია "გილეად"-ის მხარდაჭერით.
პროგრამა ითვალისწინებს
• დაავადების დიაგნოსტიკა
• მკურნალობა
• პრევენცია
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.