სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში - თვითმმართველი ორგანოს არაწევრ ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე დასწრება სურდა, უარმა კი ვითარება უკონტროლო გახადა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ის დეპუტატები შეუშვეს, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, ის ენმ-ს წარმომადგენელია.
ამ დროისთვის საკრებულოში კონფლიქტი ამოწურულია, თუმცა ბიუროს სხდომა ისე დასრულდა, რომ მას ენმ-ს წევრები არ დასწრებიან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების მეშვეობით "ქართული ოცნება" მათ ხელს უშლის სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებაში.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, მათი განცხადებით, ენმ-ს დღევანდელი ქმედებები წინასწარ მოწყობილი პროვოკაცია იყო.
"ნაციონალური მოძრაობა" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. ისინი დღეს, როგორც ყოველთვის იყვნენ მოსულები პროვოკაციული განწყობით. ბიუროს სხდომაზე შემოვიდნენ პროვოკაციულად, შევარდნენ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში აგრესიული ფორმით. მათ სურდათ სამუშაო პროცესის ჩაშლა, რაც ჩვენთან არ გამოუვათ," - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი გოგიტიძემ.