ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა ურბანული კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში.
ოპოზიციას პრეტენზიები ჰქონდა ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანია და დასუფთავების სამსახური, პარტიული აქტივის დასაქმების ბიუროდ აქვთ გადაქცეული.
"კამათი მოყვა იმას, რომ ისევ 9 წელზე არის საუბარი, ისევ გიგი უგულავაზე არის საუბარი, რომ თურმე 49 მილიონი მოიპარა და ამ დროს, სატრანსპორტო კომპანიაც, დასუფთავების სამსახურიც, მართლა პარტიული აქტივის დასაქმების ბიუროდ აქვთ გადაქცეული,"- განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
"პრიორიტეტები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არასწორადაა განაწილებული,"- განაცხადა ოპოზიციამ.
მმართველმა გუნდმა ბრალდებებს კონტრბრალდებებით უპასუხა.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგები არანაირ წესს არ იცავენ.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კორექტულები და არ გადავიყვანოთ კომისიებზე მსჯელობა აყალმაყალში და ხმაურში. მაგრამ სამწუხაროდ ძალიან რთულია, როდესაც ჩვენი კოლეგები, ოპოზიციონერი კოლეგები არანაირ წესს არ იცავენ, მათ შორის კომისიის ჩატარებას აქვს გარკვეული ფორმატი,"- ამბობს რევაზ სოხაძე.