20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
"ამიტირეს ცოლ-შვილი, რომ ვეუბნებოდი ამას რატომ აკეთებთ-მეთქი, ზემოდან წიხლს მაჭერდნენ" - "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულ 4-ვე დაკავებულს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სხდომები ქუთაისსა და ახალციხეში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა.

"კურიერი" ერთ-ერთ პროცესს დაესწრო. ე.წ. კანონიერი ქურდის შვილს, ბიზნესმენზე განხორციელებულ ზეწოლასა და გამოძალვაში ედავებიან.

"ამიტირეს ცოლ-შვილი, რომ ვეუბნებოდი ამას რატომ აკეთებთ-მეთქი, ზემოდან წიხლს მაჭერდნენ. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი უფლებების დარღვევაა. არანაირ მიმალვას არ ვაპირებ, სად უნდა წავიდე, ქალბატონო მოსამართლე, სადაც წავედი, წადი აქედანო და ბოლობოლო დანგაძე ვარ და ქართველი ვარ. მე თუ გია დანგაძის ოჯახში დავიბადე, მთელი ცხოვრება ამაზე უნდა ვიჯდე?" - მიმართა ბრალდებულმა ირაკლი დანგაძემ მოსამართლეს. 

მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდებული შიმშილობს, რადგანაც თვლის, რომ დაკავების დროს მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამით მისი უფლებები დაირღვა. 

"შიმშილობს, იქიდან გამომდინარე, რომ დაკავების დროს, მისი უფლება დაირღვა. როგორც მან გადმომცა, ამ დროს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ვერანაირ გამოძალვას და მით უმეტეს, ვერანაირ წევრობას ვერ დაადასტურებენ, იმიტომ რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი რიგის მტკიცებულებები," -აცხადებს ირაკლი დანგაძის ადვოკატი ნინო შავგულიძე.

პროკურორი გუჯა ტაბეშაძე კი ამბობს, რომ დაგნიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება და შესაძლოა, ირაკლი დაგნიძეს ბრალდება კიდევ დაუმძიმდეს.

მას ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრობა და გამოძალვა ედება. ის გამოძალვის მიზნით, სხვებს ემუქრებოდა და ითხოვდა, როგორც ფულს, ასევე მანქანას. 

დღის ამბები