20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია..." - აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა სასამართლოს წინაშე აღიარა

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, აკო ჭელიძე საკუთარ დანაშაულს აღიარებს. როგორც სასამართლო სხდომაზე ჭელიძემ განმარტა, ის მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ მიიჩნევს, ხოლო ბრალის ფორმულირებას - ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ნაწილში, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად," - განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორკი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა". 

"რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი, რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგოლოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემ თავს,"- განაცხადა კავილაძემ.  

ბრალდების მხარე ამბობს, რომ განხილვის დროს ბრალდებულთა დანაშაულს დაადასტურებენ. 

"განხილვის დროს ჩვენ აუცილებლად დავადასტურებთ, სრული მოცულობით, რომ მათ მიერ ჩადენილი არის მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ, მათ მიერ ჩადენილი არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ, შეძენა-შენახვა და ტარება,“ - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება სასტიკი დანაშაულის ჩადენის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. 

დღის ამბები