საქალაქო სასამარათლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვას იწყებს - საუბარია 500 ლარიან ჯარიმაზე, რომელიც უწყებას ყოფილი პრეზიდენტის კადრების გავრცელებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოუწერა.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელის განმარტებით, უწყებამ დარღვევა გამოავლინა და იუსტიციის სამინისტროს ფულადი ჯარიმა კანონის შესაბამისად დაეკისრა.
"დაინიშნა პროცესი, მასალების მომზადებაც ასევე დაჩქარებულ დროში მოგვიწია. გარდა ამისა, დღეს შევიტყვეთ, რომ ხვალ ჩაინიშნა სპეციალური პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით სხდომა სასამართლოში. იყო 6 ეპიზოდი, რომელიც უკავშირდებოდა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება მის ნაწილში იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. აღვნიშნავ, რომ სამართალდარღვევა დავადგინეთ და 500 ლარი კანონით გათვალისწინებული სანქცია იუსტიციის სამინისტროს შეეფარდა," - ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი ჯონი ჩონიაძე.
იუსტიციის სამინისტროს ასევე დაეკისრა გავრცელებული კადრების ინტერნეტ სივრციდან აღება, თუმცა ეს პროცედურა, სავარაუდოდ სარჩელის განხილვამდე გადაიწევს.
პროცესის დაწყებამდე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გასაჯაროება იუსტიციის სამინისტრომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით დაასაბუთა.