პარლამენტში დღეს დეპუტატები დაჩქარებული წესით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. თემის განხილვა გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა იურიდიულ კომიტეტზე.
მმართველ პარტიასთან რიგ საკითხებზე შეთანხმება შედგა, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ საკვანძო საკითხი - მოსამართლეების დისციპლინალური დევნის გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმის ოდენობა - უცვლელი დარჩა.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ სიახლით სასამართლო სისტემაზე კონტროლი კიდევ უფრო ძლიერდება.
ბრალდებებს უსაფუძვლოდ თვლიან "ქართულ ოცნებაში".
"ბოლო პერიოდში რაც ხდება სასამართლო ხელისუფლებაში ამაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა რამდენიმე მოსამართლემ და ცალსახად ეს არის დამატებითი ბერკეტის შექმნა სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ "ურჩ მოსამართლეებზე" მოახდინონ მარტივი იერიში და შტურმი," - აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები სასამართლოს ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება.