მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - "კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე - ნიკოლოზ ბეჟიტაშვილი და ელიზბარ კვირიკაშვილი გუშინ რუსმა სამხედროებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვართან დააკავეს.
დაკავებულების ოჯახებში "კურიერს" განუცხადეს, რომ ნიკოლოზ ბეჟიტაშვილი დილით 8:30-ზე სახლიდან მეგობრებთან ერთად, ტყეში შეშის მოსატანად 8:30-ზე გავიდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ისინი დააკავეს.
"მანქანა ე.წ. ჩვენს ტერიტორიაზეა. ხდება ასე, ან საქონელი გადავა, ან ტყეში გავა ხალხი და მიჰყავთ. ერთად წაუყვანიათ, მანქანიდან გადმოხტნენ ეტყობა და მანქანა იქეთ არის," - აცხადებს ერთ-ერთის ოჯახის წევრი.
ასევე, ოჯახის წევრების განცხადებით, შეშის შესაგროვებლად ტყეში 3 ადამიანი იყო გასული. ერთ-ერთმა მათგანმა, დავით მიშველაშვილმა, თავის დაღწევა და გამოქცევა შეძლო, თუმცა საქართველოს 2 მოქალაქე, საოკუპაციო ძალებმა ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.