საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ათენში მოკლული 41 წლის მამაკაცი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა თევდორაძეა.
პოლიცია საქართველოს მოქალაქის მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა პირად ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
პოლიციამ ამოიღო კამერების ჩანაწერები. კადრებში ჩანს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც შავ ფორმაშია გამოწყობილი. სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
41 წლის შოთა თევდორაძე წარმოშობით ქუთაისელია. ის საბერძნეთში ოჯახთან ერთად წლების წინ წავიდა. ქუთაისის სახლში ამ დროისთვის გარდაცვლილის დედა იმყოფება, რომელიც მედიასთან არ საუბრობს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი კარგი პიროვნება იყო და მას დადებითად ახასიათებენ.
"შოთიკო იყო ძალიან კარგი ბიჭი და ადამიანი. თუნდაც ურჩხული ყოფილიყო, 5 წლის შვილის გვერდით მამას რომ მოკლავ, იმ ბავშვმა როგორ უნდა იცხოვროს?!" - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
მეზობლები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ჰქონდა, თუმცა გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიასთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან იყოს დაკავშირებული.
საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს თვითმხილველიც.
"როგორც ვიცი 3-4 გასროლა მოხდა მისი პარტნიორის და 5 წლის ქალიშვილის თვალწინ. ცოტა ხანში სირენის ხმა გავიგე წავედი სასწრაფოსკენ. პოლიციამ ტერიტორიას ალყა შემოარტყა," - განუცხადა ბერძნულ მედიას თვითმხილველმა.