16 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები - ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აფასებს და მას უსამართლოს უწოდებს. კობახიძე ამბობს, რომ განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომებია დაშვებული. 

როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, საელჩოსგან ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე რჩევაც მიუღია მმართველ გუნდს და შემდგომ ეს გაუთვალისწინებია, თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც ხდება და არასწორი განცხადებები ვრცელდება. 

"ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, ძალიან ხშირად ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს და არის ხოლმე სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის მორიგი მაგალითი.

სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა საზოგადოების ეს არ არის არც ახსნა და გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ.

რაც შეეხება განცხადების შინაარსს, აქ არის არა ერთი უზუსტობა, ანუ, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის სამწუხარო და ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს.

მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი, არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად და არა თუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, გაფართოვდა მთლიანობაში ამ სამსახურის უფლებამოსილებები. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც არის დაშვებული,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები