შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას. ინიციატივას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას, მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.
თუ კომისია შეიქმნება, "ნაციონალური მოძრაობა" პირობას დებს, რომ ბოიკოტს შეწყვეტს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ კომისიის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ. "გირჩი" ამისთვის "ნაციონალურ მოძრაობას" გარკვეულ ულტიმატუმს უყენებს.
"თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან იმას, რომ როცა ჩვენ, "გირჩს" დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ და მეორე - მათი ტელეარხების მეშვეობით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ ქოცების მეგობრები,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
მხარდაჭერის საპასუხო მხარდაჭერას ელის ფრაქცია "ლელოც". სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ლელოს" მხარდაჭერა საგამოძიებო კომისიის შექმნას ექნება, თუმცა, კოლეგებს შეახსენებს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა მხარდასაჭერი მათ ფრაქციაშიც.
პარტია "საქართველოსთვის" კი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ აპირებს. პარტიის ერთ-ერთი წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არასაკმარისად იყო ჩართული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტია. მანვე აღნიშნა, რომ ამ პირობებში, გუნდში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორად არ მიაჩნიათ.
"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება მხარი დაუჭირონ ინიციატივას.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ამ კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, რადგან დარწმუნებულია, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და შეიძლება ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი - ერთი მარტივი მიზეზის გამო, ძალიან მარტივად დაადგენს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, როდესაც გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, იქამდე კი ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები, შეუძლიათ ულტიმატუმებიც დააყენონ, როგორც დაუყენებიათ ადრე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც იქნება საქმისთვის საჭირო,"-აცხადებს კობახიძე.