"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით კონსულტაციებს აგრძელებს.
კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში, კომისიის შესაქმენლად დეპუტატთა რაოდენობა არ ჰყოფნის. ამიტომ, პარტიას კიდევ, სულ მცირე, 19 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.
არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნის თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციას თავად პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი კომისია, რომელიც დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი მიხეილ სააკშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ფაქტებს.
"გირჩი" არ არის წინააღმდეგი, რომ დაუჭიროს მხარი ამ კომისიას. მაგრამ, როგორც გითხარით თუ ექნებათ მათ იდეები, კონკრეტულად კანონპროექტზე ან საგამოძიებო კომისიაზე განვიხილავთ. თუ საინტერესო იდეა იქნება მე, სუბიექტურად ვამბობ, რომ განვიხილავ ამ იდეას და დავუჭერ მხარს. მაგრამ ვნახოთ, მოლაპარაკებები ამ კუთხით შესაძლებელია. ჩვენ ახლა გვაქვს საუბარი იმაზე, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს მე-3 პრეზიდენტის მიერ არაადამიანურ მოპყრობას და ღირსებაშემლახველი მოპყრობის ფაქტებს,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "გირჩი" არ აპირებს ამ კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს, პირიქით მათი მიზანი თანამშრომლობაა.
"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. იმ შემთხვევაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობისგან“ ამის დასტური იქნება, ხატიასგან ცხადია დასტური გვაქვს, მაგრამ არსებობს ადგილი, სადაც კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. ყველანი დავინახავთ, როგორ მივალთ აქამდე, მაგრამ ჩვენგან ხელის შეშლის გადაწყვეტილება არ არსებობს, პირიქით არსებობს თანამშრომლობის სურვილი,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრს ლევან იოსელიანს. მისი თქმით, აღნიშნული კომისიის შექმნას ის მხარს არ დაუჭერს. იოსელიანის განმარტებით, სააკაშვილი არ არის ქვეყნის დღის წესრიგი, არის სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც მისივე თქმით, უმჯობესია მოხმარდეს ეს დრო და რესურსი.
"ამ საგამოძიებო კომისიას ბევრი მიზეზის გამო ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში და ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის.მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის ამ ქვეყნის დღის წესრიგი,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.