ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრები პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
ამასთან, მომხდარზე კომენტარს აკეთებს იმ კლინიკის ექიმი, სადაც მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტს ანესთეზიის დროს გული გაუჩერდა, 15 დღიანი მკურნალობის მიუხედავად კი, მშობიარე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"გაკეთდა სპინალური ანესთეზია, ჩატარდა საკეისრო კვეთა ჩვენებით. იყო გარდიგარდმო მდებარეობა ნაყოფის და მესამე ხარისხის სიმსუქნე. ანესთეზიის დროს გულის გაჩერება განვითარდა. რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა გულის რითმი, გადაყვანილ იქნა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში. 15 დღიანი მკურნალობის შედეგად სამწუხაროდ ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა," - განაცხადა ექიმმა გიორგი ხუციშვილმა.
სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. როგორც კლინიკამ გარდაცვლილის ოჯახს განუმარტა, საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა გოგოს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი კომაში ჩავარდა და 2 კვირაში გარდაიცვალა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი ან უხარისხო დოზა შეუყვანეს.