ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
დაღუპულის ახლობლები საგამოძიებო ორგანოში დღეს მას შემდეგ დაიბარეს, რაც გარდაცვლილი ქალის ოჯახმა მომხდარზე მედიით ისაუბრა.
სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ მათი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, გამოძიების დასრულებამდე ლიცენზია შეუჩერდეს ყველა იმ ექიმს, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც საქმეში იკვეთება.
ამასთან, მოხდეს სათანადო და დროული გამოძიება.
"მე ვარ დაობლებული ბავშვის შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა "ოცნებების ახდენის დროა" და როგორც აუხდა, ვხედავთ. დაისაჯოს ყველა დამნაშავე,"- განაცხადა თეა ლატარიამ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.