მასშტაბური არეულობა ყაზახეთში - ალმათში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქუჩაში ისმის სროლის ხმა, დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მიმდინარეობს.
ბლოკირებულია სახელმწიფო დაწესებულებები. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის დარბეული მანქანები. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული.
თუმცა პროტესტის მონაწილეები თავის მხრივ ამბობენ, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ.
პარალელურად კი, ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთს, სომხეთს, ბელარუსს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს დახმარება სთხოვა. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) აცხადებს, რომ ყაზახეთში სამშვიდობო ძალებს აგზავნის.
"ტერორისტული ბრბო არსებითად საერთაშორისოა. მათ სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და მათი თავდასხმა ყაზახეთზე შეიძლება იყოს და უნდა განიხილებოდეს, როგორც აგრესიის აქტი. ამ მიზეზით მივმართე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რათა დაეხმარონ ყაზახეთს ამ ტერორისტული საფრთხის დაძლევაში. რეალურად, ეს აღარ არის საფრთხე, ეს ძირს უთხრის სახელმწიფოს მთლიანობას და რაც მთავარია, ეს არის თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მთხოვენ სასწრაფო დახმარებას," - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის. მისი თქმით, სამშვიდობოები ყაზახეთში წესრიგის აღდგენას შეუწყობენ ხელს.
"ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები," - განაცხადა ფაშინიანმა.