რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მივიდა. შოთა თუთბერიძე პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მოინახულებს.
ადვოკატის თქმით, მან უნდა გაიგოს სააკაშვილის პოზიცია შიმშილობის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით.
"დაცვის მხარი სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე კვლავ არ შეექმნას. ყველა ადამიანს, ვისაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი, აქვს უფლება ალტერნატიულ სამედიცინო სერვისზე, რაც არ უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურ სამსახურში, ჩვენ 7ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება, ეს არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,"-აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების მიმართ წაყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოითხოვს, აღუდგეს ზარების განხორციელების უფლება; ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები და უცხოელი ექსპერტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აანონსებს.