13 დაღუპული პოლიციელი, რომელთაგან 2-ს თავი აქვს მოკვეთილი და 300-ზე მეტი დაშავებული სამართალდამცველი- ყაზახეთში სპეცოპერაცია გრძელდება. ათობით სამოქალაქო პირი პოლიციელებთან შეტაკებისას გარდაიცვალა, ვითარება კლავ უკიდურესად დაძაბულია, ქუჩებში ისმის სროლის ხმაც.
დამწვარია სამთავრობო შენობები, განადგურებულია სამართალდამცველთა ავტომობილები და დარბეულია 5 ტელევიზიის შენობა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათ ძალადობრივი მიზნები არ აქვთ. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 2000 ადამიანი.
ქვეყნის ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებს. ოფიციალური პირები დემონსტრანტებს ექსტრემისტებს უწოდებენ და მათ ქმედებას საზღვარგარეთ მომზადებული ბანდიტური ფორმირებების შეჭრად აფასებენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყაზახეთში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას დასახმარებლად მიმართა:
"ტერორისტული ბრბო, არსებითად, საერთაშორისოა. მათ სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და მათი თავდასხმა ყაზახეთზე შეიძლება იყოს და უნდა განიხილებოდეს, როგორც აგრესიის აქტი. ამ მიზეზით, მივმართე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რათა დაეხმარონ ყაზახეთს ამ ტერორისტული საფრთხის დაძლევაში. რეალურად, ეს აღარ არის საფრთხე, ეს ძირს უთხრის სახელმწიფოს მთლიანობას და რაც მთავარია, ეს არის თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მთხოვენ სასწრაფო დახმარებას,"- აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტი.
რუსეთმა, ბელარუსმა, სომხეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა სამხედრო დანაყოფები უკვე გააგზავნეს. გავრცელდა კოლექტიური უსაფრთხოების წევრების ერთობლივი განცხადებაც სადაც განმარტავენ, თუ რაში მდგომარეობს მშვიდობისმყოფელების მისია.
ამ დროისთვის ყაზახეთში მეზობელი სახელმწიფოებიდან უცხოელების შესვლა შეჩერებულია. დროებით დაიხურა ალმატის აეროპორტი. ასევე შეზღუდულია წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.