25 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმე - მოსამართლემ ორივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე პროცესი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 4 დეკემბერს სანზონაში, მე-9 კლასელი ბავშვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. 

ერთს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს. დღეს წინასასამართლო სხდომა იყო, რომელიც დაკავებულებისთვის, დისტანციურად ჩატარდა.

პროცესზე დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდა. მათ შორის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების თაობაზე. თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად კი რამდენიმე საკითხი დაასახელა, მათ შორის მიმალვა, ასევე დაკავებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედება. 

"აღიარებს და ადასტურებს, რომ ის შეესწრო დაჭრის ფაქტს და ასევე ვადასტურებთ, რომ ჩვენ ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ რჩება ის პატიმრობაში, რა მოტივაცია გააჩნია ან პროკურატურას, როდესაც ითხოვს მის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას, ან სასამართლოს, როდესაც აკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ საქმეში დადგენილია ის პიროვნებები, რომლებმაც მოაწყვეს ეს გარჩევა, რომლებმაც მათ შორის, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ეს პიროვნებები ჯერჯერობით, არც დაკავებულები არ არიან და არც დასჯილები არ არიან," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ამირან ხუციშვილი. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად სცნო. 

რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, ის გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს ამოღებული და ის საქმეში არ დევს. მომდევნო სასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.

 

 

დღის ამბები