"ნაციონალური მოძრაობის" უარი ბოიკოტზე და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის პერსპექტივა, ისევ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზეა დამოკიდებული. პარტიაში სხვადასხვა მექანიზმით ეძებენ გზებს, თუ როგორ შეძლონ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფის ჩამოყალიბება.
გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის სააკაშვილის ფაქტორი შემაფერხებელი რომ არ იყოს, ექსპრეზიდენტმა თანაგუნდელებს მოუწოდა, საგამოძიებო კომისია სოციალურ საკითხებზეც შეიქმნას. ამის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი, აზრს მაინც არ იცვლის და არ აპირებს, ჯგუფის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭიროს. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, "ნაციონალურ მოძრაობის" არათანამიმდევრულობა არ მოსწონს.
გიორგი გახარიას თანაგუნდელების და პარტია "მოქალაქეებისგან" განსხვავებით, გადაწყვეტილება მიღებული აქვთ სხვა საპარლამენტო პარტიებს. თუმცა მათი მხარდაჭერაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" უპირობო არ არის.
ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებას, მმართველი პარტია მიესალმება. ამბობენ, რომ ეს შესაძლებლობები ოპონენტებს სწორედ "ქართულმა ოცნებამ" მისცა, თუმცა პრობლემას დროებითი საგამოძიებო კომისიის შინაარსში ხედავენ.
კონსულტაციებისთვის და პოზიციების შეჯერებისთვის ოპოზიციას დრო ჯერ კიდევ აქვს. პარლამენტი მუშაობას თებერვალში განაახლებს.