UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა. სიის მიხედვით, 2021 წელს სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათ შორის ლექსო ლაშქარავა საქართველოდან.
ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, როცა გარკვეული პოლიტიკური წრეები ადამიანის გარდაცვალებით მანიპულირებენ.
"UNESCO ზოგადად აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი, გამომდინარე აქედან UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იცის, რომ ეს ღია საკითხად არის მითითებული, სადაც არის მთავრობის მიმართ შეკითხვა გამოგზავნილი და ელოდებიან პასუხს მთავრობისგან. თავის დროზე გაკეთდა განმარტებები, მათ შორის, ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა UNESCO-ს სიაში არსებულ უზუსტობაზე საუბრობს. როგორც ზარქუამ განმარტა გმობს ძალადობას და ყველა ვინც მედიაზე იძალადა იქნება დასჯილი.
"UNESCO-ს ეს მონაცემები, რბილად რომ ვთქვათ, არის არაადეკვატური, შეცდომაშია შესული. იმიტომ რომ გარდაცვალების მიზეზები გამოძიებამ დაადგინა. 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, არამედ 11 ივლისს და ესეც მიუთითებს, რომ შეცდომა არის და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 5 ივლისი თითოეულმა ჩვენგანმა დავგმეთ და ვთქვით, რომ ეს მიუღებელია. ყველა, ვინც ხელყო თავისუფალი მედიის მუშაობა, ვინც იძალადა, ყველა იქნება დასჯილი,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.