ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინის ღია მხარდაჭერას აგრძელებს.
იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებაში დახმარებას გულისხმობს.
"ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ.
ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება.
ჩვენ გასულ წლებში მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ახალ წევრებად მიღებით. ასევე, ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენცია გაიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ალიანსის პოზიცია ნატო-ს გაფართოებაზე უცვლელი და მტკიცეა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ყოველთვის მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა დიალოგისთვის აუცილებელია მთავარი პრინციპების პატივისცემა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო -რუსეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.