ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას პოლიტიკურ წრეებში შეფასებები მოყვა. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი საქართველოს და უკრაინის ღია მხარდაჭერას აგრძელებს.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი თანხმდება, რომ გენერალური მდივნის განცხადება ქვეყნისთვის დადებითი გზავნილია, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარეებს შორის განსხვავებული აზრები მაინც არსებობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული კუთხით რეფორმებია გასატარებელი.
"ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია პირდაპირ იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა გაატაროს საქართველომ. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ დემოკრატიულ სტანდარტს, რომელსაც ითხოვს ნატო,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ საქართველოს და ნატოს ურთიერთობა პუტინის და რუსეთის გადასაწყვეტი არ იქნება.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთი ვერ შეცვლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
"ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველო დღეს არის ალიანსის ყველა წინ წაწეული ასპირანტი პარტნიორი,"-აცხადებს ბერაია.