საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები უნდა შემოვიდეს.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა და ასევე, მისი თქმით, წინასწარი პროგნოზით, შემცირებული იქნება ფასებიც.
"კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს.
ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა, ახალი მინისტრი უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები.
ჩვენ, ასევე, ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებიც, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.