მმართველი გუნდი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებებს, შიდა პარტიულ დაპირისპირებებს უკავშირებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ბოლო პერიოდის არათანმიმდევრული და ქაოტური ნაბიჯები პარტიის თვითგანადგურებას ემსახურება.
"პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ პარტიის შიგნით როგორც სისტემური, ასევე პოლიტიკური ტაქტიკის და სტრატეგიის კუთხით პრობლემები გააჩნიათ, რაც გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ახლად არჩეული თავმჯდომარის პოზიციების მკვეთრი შესუსტება მოხდა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ადამიანი, რომლის საერთო გენეზისი პოლიტიკაში და მისი საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებული იყო რუსეთთან," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ ოპონენტებს პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით, პრობელემები აქვთ.
"ყოველ ჯერზე არჩევნების წაგება და მათი წარუმატებელი პოლიტიკა ამ შემთხვევაში უკვე ნიკა მელიას ზურგზე გადატყდა," - ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.