რა შეიცვალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, წევრთა გადანაცვლებით და ვისი პოზიციები გამყარდა პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობაში" ცვლილებებს პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებითა და გაჯანსაღებით ხსნიან. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები პარტიის შიდა საქმე, მიზანი კი მიხეილ სააკაშვილის პოზიციების განმტკიცებაა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა, გენერალური მდივნის პოზიცია კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველის თქმით, ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული იმისათვის, რომ ქვეყანა მმართველი გუნდისგან გაათავისუფლონ.
"ვაკანტური იყო ეს თანამდებობა და ავირჩიეთ, როდესღაც ხომ უნდა აგვერჩია?! მელია არის პარტიის თავმჯდომარე, პარტიის გადაწყვეტილებებს იღებს ნიკა მელია, რა თქმა უნდა ათანხმებს პოლიტიკურ საბჭოსთან, როგორც ამის საშუალებას წესდება და კანონმდებლობა გვაძლევს. გუშინდელი ჩვენი პოლიტსაბჭო ეხებოდა, როგორც სტრუქტურულ გადაადგილებებს ასევე, ჩვენს სამოქმედო გეგმას, რომლის შესახებაც გავაცნობთ მოსახლეობას. ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული იმისათვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ივანიშვილის რეჟიმისგან. ამას დასჭირდება აქციები და სხვა საპროტესტო მუხლი,"- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.