საკუთარ ხალხზე გაბრაზებული შალვა ნათელაშვილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. არჩევნები "კიტრის და კარტოფილის გარეშე" - ეს არის ლეიბორისტების ლიდერის პირველი ინიციატივა პარლამენტში შესვლის წინ.
შალვა ნათელაშვილი ამომრჩევლის მიმართ განაწყენებას არ მალავს და ამაზე სატელევიზიო ინტერვიუშიც ღიად საუბრობს. შრომის პარტიის ლიდერი მშრომელებს კატეგორიებადაც ყოფს და ამბობს, რომ საზოგადოების გარკვეულ, სოციალურად დაუცველ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა შეეზღუდოს.
ლიდერის პოზიციას "ლეიბორისტულ" პარტიაშიც იზიარებენ. გიორგი გუგავას არ მიაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილის ეს განცხადება სოციალურ დისკრიმინაციას შეიცავს. პარტიაში განმარტავენ, რომ მათ სიმართლის თქმის გზა აქვთ არჩეული.
ოპოზიციურ პარტიებში შალვა ნათელაშვილის განცხადების შინაარსს არ იზიარებენ. კოლეგებმა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს ურჩიეს, ამომრჩეველზე საუბრის დროს აქცენტი სხვა პრობლემებზე გააკეთოს.
"სოციალური დისკრიმინაცია" - ეს არის მმართველი პარტიის შეფასება. "ქართული ოცნების" წევრები ნათელაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიტიკოსისგან ნებისმიერი ამომრჩევლის დისკრიმინაცია მიუღებელია.