რუსეთსა და დასავლეთს შორის ჟენევაში დაწყებულ შეხვედრებს თბილისში აფასებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის აგრესიული განცხადებების ფონზე, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ მეტი აქტიურობა გამოიჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე.
"საქართველოს სჭირდება როგორც მოკლევადიანი, ასევე - საშუალოვადიანი სტრატეგია, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ, რომ თავი დავიცვათ ამ მორიგი თავდასხმისგან ჩვენს სუვერენიტეტზე. ამ თვალსაზრისით მე, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ვნახე ვერანაირი აქტიური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი საგარეო უწყება ამ მიმართულებით დგამს იმიტომ რომ ჩვენ დღეს მობილიზაციას უნდა ვუკეთებდეთ როგორც ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, მათი პარლამენტის შესაბამის განცხადებებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
უმრავლესობაში, კი დარწმუნებული არიან, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე რუსეთის რიტორიკა გავლენას ვერ მოახდენს.
"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ეს არის პრინციპული საკითხი NATO-სთვის და მისი წევრი ქვეყნებისათვის. თუ ნებისმიერი ფორმით რუსეთმა თავის საწადელს მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ NATO-ს არსებობას აზრი ეკარგება, რასაც არ დაუშვებს არც აშშ, არც NATO-ს წევრი არც ერთი ქვეყანა, რადგან ალიანსის ღია კარის პოლიტიკა სწორედ იყო NATO-ს ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი," - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.