NATO-რუსეთის საბჭოს წინ ამერიკელი სენატორები ჯო ბაიდენს საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი წერილით მიმართავენ.
ამერიკელი კანონმდებლები წერენ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე. ვაშინგტონი ერთგულია პრინციპის "არანაირი გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე", რომელიც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს.
წერილში ხაზგასმულია, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან შეასრულონ წევრობის ვალდებულებები. ასევე, ალიანსმა უნდა განიხილოს წარმომადგენლობის ზრდა აღმოსავლეთ ფლანგზე და აუცილებელია დამატებითი დახმარება უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან.
ორპარტიულ წერილში, რომელსაც ხელს 9 სენატორი აწერს, ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.