ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენზე შეფასებები კეთდება პარლამენტში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ დაცვის მხარემ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისგან თავი უნდა შეიკავოს.
"ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, დამთავრდეს. თუ გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ ეს საქმე გააგრძელა პროკურატურამ. ხოლო, თუ ამას არ გაასაჩივრებენ ადვოკატები და დაცვის მხარე, პროკურატურას ყოველთვის ექნება საშუალება, გააგრძელოს ეს საქმე იმდენი ხანი, რამდენი ხანიც უნდათ და თან ეს გაგრძელება დააბრალოს ოპოზიციას, ანუ იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა. თუ გავასაჩივრებთ, ასეთივე სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც შეიძლება უარესად დაამთავროს ეს საქმე და ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.