ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლო 8 ოქტომბერს ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებული 3 პირის საქმეს განიხილავს, დღეს მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოთი შეცვლას ითხოვს.
საქმეზე დაკავებულები არიან პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მამა-შვილი სურმანიძეები.სურმანიძეების უფლებადამცველის განმარტებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ ფართის მეპატრონეს. სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ მეპატრონის მითითებას ასრულებდნენ.
სასამართლოსთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებიან,ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.რაც შეეხება ბრალდების მხარეს,ისინი ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობენ, პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის თქმით, დასკვნით დადგინდა, რომ კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები.