ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება დღეს დადასტურდა.
"ქმედება, რომელიც ჩადენილია კონკრეტული პირების მხრიდან, არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო და დადასტურდა დღეს უდაოდ და ამის საწინააღმდეგოდ არგუმენტიც არ არის წამოყენებული, რომ დიახ, ეს იყო მართლსაწინააღმდეგო აქტი. განსხვავებული პოზიციები სამართლებრივი შეფასების საკითხშია, რომ რა ჰქვია ამ დანაშაულს. ამაშია მხოლოდ განსხვავებული მოსაზრებები და ამის შემდეგ, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა გაკეთდეს, ჩემი აზრით, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია პოლიტიკურ დევნაზეც საუბარი ან თუნდაც რაღაც უცნაურ ჩიხებზე საუბარი," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.