16 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
გახარია"საქართველოსთვის" და ენმ-ის პოლიტიკური გარიგების შედეგად, ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოადგილე აირჩია

გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გარიგების შედეგად, ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოადგილე აირჩია. თანამდებობა გახარიას პარტიის წევრმა დავით შენგელიამ დაიკავა - სხდომას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ჯანო პერტაია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არ იღებს მონაწილეობას იმ ძალთა გადანაწილებაში სადაც "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი დომინანტური ძალა.

"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ. "ქართული ოცნება" შეგნებულად არ ესწრებოდა სხდომას გამომდინარე იქედან, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან არიან შეკრებილნი, მოძრაობა "ლელოსთან" ერთად აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ სხდომა და აირჩიონ თანამდებობის პირები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ "ქართული ოცნება" არ იღებს მონაწილეობას იმ ძალთა გადანაწილებაში სადაც "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი დომინანტური ძალა,"-აცხადებს ჯანო პერტაია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი რამაზ თოლორდავა კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციას ჰქონდეს თანამდებობები მუნიციპალიტეტში, რომ მოხდეს ოპოზიციურად საკრებულოს მართვა. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს ალიანსში შესვლას, უბრალოდ ეს არის პოლიტიკური მორიგება.

რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტიის "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას მისი თქმით, მათი მთავარი მოტივი არის,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამკვიდრდეს კოალიციური მთავრობა.  

"არცერთ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ გარიგებაში არავისთან არ ვყოფილვართ. ჩვენ, ჩვენი პარტიის კურსი გაგვაჩნია, რომელსაც ნებაყოფლობით დაეთანხმნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ღია კომუნიკაციაში ვიმყოფებით "ქართულ ოცნებასთან". ჩვენი ხედვა არის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში დამკვიდრდეს კოალიციური მმართველობა და დაბალანსებული საკრებულო. გამომდინარე აქედან ჯერ კიდევ აქვთ გონივრული ვადა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მოგეხსენებათ, ჯერ კომისიის თავმჯდომარეები არჩეული არ არიან და აქვთ შესაძლებლობა, რომ დაისაკუთრონ რამდენიმე თანამდებობა," - ამბობს წურწუმია.

დღის ამბები