NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შედეგებზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO კვლავ ერთგულია იმ პრინციპების, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანა საგარეო კურსს თავად ირჩევს. მხარეების მსჯელობის საგანი უსაფრთხოების გარანტიები იყო. რუსეთი ითხოვს NATO-ში საქართველო და უკრაინა არასდროს გაწევრიანდნენ, თუმცა დასავლელი პარტნიორები იმეორებენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.
"დისკუსია მარტივი არ იყო, სწორედ ამიტომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. იყო ძალიან პირდაპირი და სერიოზული აზრთა გაცვლა უკრაინასა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და ევროპულ უსაფრთხოებაზე. ამ საკითხზე არის მნიშვნელოვანი განსხვავებები NATO-სა და რუსეთს შორის. ამ განსხვავებებზე პოზიციების დაახლოება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ არის პოზიტიური ნიშანი, რომ NATO-ს ყველა მოკავშირე და რუსეთი დასხდნენ ერთ მაგიდასთან და განიხილეს არსებითი საკითხები.
დღეს რუსეთმა წამოაყენა წინადადება, რომელიც მან დეკემბერში გამოაქვეყნა, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე, ეს მოიცავს მოთხოვნას, რომ NATO-მ შეწყვიტოს ახალი წევრების მიღება და გამოიწვიოს ჯარები აღმოსავლეთ მოკავშირეებისგან.
თავის მხრივ მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ღია კარის პოლიტიკა და პრინციპი, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოება. მოკავშირეებმა თქვეს, რომ ისინი არ უგულვებელყოფენ მათ შესაძლებლობას - დაიცვან ერთმანეთი,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.