NATO-ს 30-მა წევრმა სახელმწიფომ და რუსეთმა ერთ სივრცეში მოიყარეს თავი. იშვიათი სტუმრები ბრიუსელში დილიდან გამოჩნდნენ, ესკორტი პირდაპირ "მტრის ხატთან" გაჩერდა. NATO-ს შტაბბინა მათ მომზადებული დახვდა. შეხვედრა თბილი იყო, ლავროვს ამჯერად არა რიაბკოვი, არამედ სხვა მოადგილე, გრუშკო წარმოადგენდა თავდაცვის ძალების თანხლებით.
იყო გულთბილი შეხვედრებიც და საერთო ფოტოც, თუმცა შეხვედრის ყველაზე საინტერესო დეტალები დახურულ კარს მიღმა დარჩა, მათ შორის ის, თუ ვინ რა დადო მაგიდაზე.
ცნობილია ის, რომ ბრიუსელში ახლახან ჩასულმა უენდი შერმანმა, ამჯერად ლავროვის მეორე მოადგილეს უთხრა, რომ ვაშინგტონი სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობაზე, ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსებასა თუ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ღიაა. თუმცა, პრინციპულ საკითხებზე კრემლს დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს.
რუსეთი შეფასებებს არ ჩქარობს, მოსკოვში კვირის დასრულებას ელოდებიან. ვიდრე რუსეთის დელეგაცია ბრიუსელის შეხვედრას შეაჯამებს, მიმდინარე პროცესები პუტინის სპიკერმა შეაფასა.
"ეს არაა პროცესი პროცესისთვის, აქ შედეგია მნიშვნელოვანი. ამ მხრივ კი, სათქმელი ჯერ არაფერია. რუსეთი არ დაემსგავსება ოფიციალურ პირებს ამერიკიდან, რომლებიც მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად ულტიმატუმებსა და მუქარებს აჟღერებენ. ვიტყვი იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება ჩვენს საზღვრებთან ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვემუქრება და რის შეჩერებასაც მოვითხოვთ. ვითხოვთ იურიდიულად გაფორმებულ უსაფრთხოების გარანტიებს. დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას ეუთოშიც,"- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
სწორედ ჟენევის, ბრიუსელისა და ვენის შეხვედრების შეჯამების შემდეგ მიიღებს კრემლი გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რა იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი. ის, რომ პუტინმა კრიზისი ხელოვნურად შექმნა და ანგარიშგასაწევი პოზიციები მოირგო მეტის მიღების მიზნით, იცის დავით ზალკალიანმაც, რომელიც მომდევნო კვირას ბრიუსელში მიემგზავრება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გარანტიები პირადად მიიღო, რომ საქართველოზე დასავლეთის პოზიცია არ შეიცვლება. თბილისში ამუშავებენ იმ სცენარსაც, თუ რუსეთი დაუმორჩილებელი გახდა და უკრაინაში შეიჭრა.
გარანტიები მიღებული აქვს კიევს, სადაც მიმდინარე მოლაპარაკებებს დიდი ინტერესით აკვირდებიან. ბლინკენი ზელენსკის უკვე ესაუბრა. აშშ-ში საქართველოსა და უკრაინას მხოლოდ აღმასრულებელი შტო არ გულშემატკივრობს.
ევროპაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს, სამხედრო წვრთნების დაწყებაც მოასწრო. რუსულ დიპლომატიას ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებში ზურგს დამატებით 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა უმაგრებს.