მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავარი ოპოზიციის სრული ერთიანობის მიღწევაა. როგორც ის ამბობს, დადგება დღე, როდესაც ხალხი შეიკრიბება თბილისში და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას მიაღწევს.
"წარმოუდგენელი პერსპექტივები აქვს საქართველოს. ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ეს არის სრული ერთიანობა ყველა ოპოზიციის, არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი არ გამოვა. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და რომელიც მიაღწევს რიგ გარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად, რა თქმა უნდა, მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. მერე უკვე ვერავინ ვერ გამაწყვეტინებს, როდესაც ვიდგები რამდენიმე ათეული ჩვენი მეგობრის წინაშე, არამედ ვუდგები 200 ათასი ქართველის წინაშე...
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები. არ უნდა მივცეთ საშუალება რეჟიმს, რომ ერთ ადგილზე შევიკრიბოთ ყველა და ყველა დაარბიოს, უნდა იყოთ ბევრ ადგილზე, უნდა გამოვიყენოთ ერთი ტრიბუნა, მეორე ტრიბუნა, მესამე ტრიბუნა," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.