გამოიყენებს, თუ არა საქართველოს პრეზიდენტი დისკრეციულ უფლებას და დაადებს, თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონებში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტოს - დრო იწურება. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს.
საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს და კონკრეტულ კანონპროექტებს არ მოაწეროს ხელი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებები არასწორი გადაწყვეტილება იყო.
"მე რომ ვიყო სალომე ზურაბიშვილის ადგილას, აუცილებლად ვეტოს დავადებდი ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ უნდა დაადოს, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო. ასე დაჩქარებულად ქართული ოცნება რეალურ პრობლემებს რომ აგვარებდეს და რეალურ საკითხები გამოჰქონდეს პარლამენტში, ეს ქვეყანა იქნებოდა როგორც ღარიბაშვილი ლაპარაკობს, ლუქსემბურგიც, შვეიცარიაც და სკანდინავიის ქვეყნები ერთად აღებული," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ვეტო სჭირდება.
"ჩემი აზრით, ვეტო თუ რომელიმე კანონპროექტს სჭირდება ახლა, ეს სჭირდება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს. მე პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის ყურადღებას მივაქცევდი უფრო ამ კანონპროექტისკენ, ვიდრე სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტისკენ. თუმცა, ისეთ პერიოდში იქნა მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონი, რომ მასაც რომ ვეტო დაადოს, ესეც არ იქნება არანაირი პრობლემა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის კანონპროექტი, რომლის გადასაფარადაც შემოაგდეს მთლიანად ეს თემა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი ვეტოს დადება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
"პირველ რიგში, მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ შემთხვევაში, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული პრეროგატივის გამოყენება ვეტოს დადების გზით, შეაჩეროს ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოშლის პროცესი და ასევე, სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მყარად მოქცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, იქნებოდა სწორი," - ამბობს სალომე სამადაშვილი.