16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"ვეტოს დადების საფუძველი, ობიექტურად არ არსებობს" - მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო ინსპექტორის და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონებზე

დაადებს, თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონებში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტოს პრეზიდენტი - ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილს დისკრეციული უფლების გამოყენებას მოუწოდებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვეტოს დადების რეალურ საფუძველს ვერ ხედავენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვები საკმაოდ სიღრმისეული და სრულფასოვანი იყო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ვეტოს დადებისთვის საფუძველი არ არსებობს. 

"ვეტოს დადების საფუძველი, ობიექტურად არ არსებობს, ვინაიდან, ძირითადი პრეტენზიები, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქმებოდა, უკავშირდებოდა განხილვის დაჩქარებას. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც დაჩქარებული განხილვის მიუხედავად, საკმაოდ სიღრმისეული და სრულფასოვანი იყო განხილვები კანონპროექტთან დაკავშირებით, მე არ მგონია რომ საფუძველი არსებობდეს ვეტოს დადებისთვის. ვინაიდან, ვეტო ნიშნავს არა უბრალოდ წინააღმდეგობას ან არ მოწონებას კანონპროექტისას, არამედ შენიშვნების მოტივირების აუცილებლობას. მოტივირებული შენიშვნებისთვის მაინც და მაინც დიდი ასპარეზი და არეალი ვფიქრობ, რომ არ მოიპოვება.

უნდა მოვისმინოთ, თუ იქნება ვეტო, რა არის მოტივირებული შენიშვნა და ამის მიხედვით უნდა ჩამოვიყალიბოთ გადაწყვეტილება. სპორტული ინტერესი ხომ არ გვამოძრავებს? გვამოძრავებს სამართლებრივი ინტერესი. სამართლებრივი ინტერესი გულისხმობს არგუმენტების გაცვლას," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი დისკრეციულ უფლებას და დაადებთ თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონებში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტოს? დრო იწურება. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს.

დღის ამბები