16 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
არავის აქვს ვეტოს უფლება, NATO-ში გაწევრიანებას ასპირანტი სახელმწიფოები, ამ შემთხვევაში საქართველო და ალიანსის 30 წევრი წყვეტს - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში ევროპულ უსაფრთხოების შესახებ მსჯელობა გაიმართა, სადაც იენს სტოლტენბერგმა ისევ ახსენა საქართველო, დაადასტურა მხარდაჭერა და ღია კარის პოლიტიკა.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპია, რომ თითოეული სახელმწიფო თავად ირჩევს საკუთარ გზას.

"გუშინდელ შეხვედრაზე ალიანსმა ევროპული უსაფრთხოების ირგვლივ საკითხების ფართო სპექტრი წამოწია. მათ შორის ის გზავნილიც, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, ეთმობოდა უკრაინას, იმ რთული სიტუაციის გამო, რომელიც ახლა ადგილზეა, თუმცა საქართველო ასევე იყო დისკუსიის ნაწილი.

ალიანსმა გაიმეორა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და მკაფიოდ თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს ასპირანტი სახელმწიფოები, ამ შემთხვევაში საქართველო და ნატოს 30 წევრი წყვეტენ და არავის აქვს ვეტოს ან საქმეში ჩარევის უფლება.

ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპია, რომ თითოეული სახელმწიფო თავად ირჩევს საკუთარ გზას.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნები, მაგალითად ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ახლა არ ისწრაფვიან ნატოს წევრობისკენ, მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ მათთვისაც კი მიუღებელია რუსეთის მოწოდებები, რომ ნატომ ხელი მოაწეროს რაიმე სახის უკანონო და შემაკავებელ შეთანხმებებს გაუფართოებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს, უკრაინის ან სხვა პოტენციური წევრის გავლით.

ეს არის მთელი იდეის დარღვევა, რომ თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს საკუთარ მომავალს. ეს პრინციპი სრულად მოქმედებს საქართველოზეც. ალიანსმა შესთავაზა რუსეთს სერიოზული შეხვედრები ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრის გასაგრძელებლად. რუსეთი არ იყო იმ პოზიციაზე, რომ ამ შეთავაზებებისთვის ეპასუხა. თუმცა, იმედი გვაქვს საკითხს მივუბრუნდებით. ჩვენ ვართ მზად კონკრეტული შეთავაზებები დავდოთ მაგიდაზე, მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა არა ფუნდამენტურ პრინციპზე კომპრომისისთვის," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და ცდილობენ ქვეყნებს ნატოს წევრობის გზაზე დახმარება გაუწიონ. 

"ნატოს ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს არა მხოლოდ შვედეთისთვის თუ ფინეთისთვის, არამედ საქართველოსთვის. რაც შეეხება იმას, როგორ შეუძლია ესტონეთს დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხში - აუცილებელია კრიტერიუმებთან დაახლოვება და საქართველოზეა დამოკიდებული, სურს თუ არა წევრობა, ისევე როგორც თავად ალიანსზე, მიიღოს თუ არა იგი. ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რაც ხდება საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში და ვცდილობთ დავეხმაროთ ამ სახელმწიფოებს, რომ დაუახლოვდნენ მათთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს ნატოს წევრობის გზაზე," - აცხადებს  ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი.  

დღის ამბები