ჟენევისა და ბრიუსელის შემდეგ, რუსეთის დასავლეთთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ავსტრიაში მიმდინარეობს. უსაფრთხოების საკითხებს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
დისკუსიებს საქართველოსა და უკრაინაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ეუთოს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ ადამიანებისა და ერების უფლებები დაცული უნდა იყოს თანაბარი გარანტიებით.
"ეუთოს რეგიონში ომის რისკი ახლა იმაზე დიდია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ, ეუთოს წევრები, ვალდებულნი ვართ ვუერთგულოთ პრინციპს, რომ უსაფრთხოება განუყოფელია. ადამიანებისა და ერების უფლებები დაცული უნდა იყოს თანაბარი გარანტიებით. სახელმწიფოები უნდა იყვნენ თანასწორნი და თანაბრად დაიცვან საერთაშორისო სამართალის და ფუნდამენტურ პრინციპები. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპა დიდი სამხედრო ესკალაციის საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ ახლახან მოვითხოვეთ უსაფრთხოების გარანტიები და დისკუსიის განახლება გავლენის სფეროების მიუღებლობის შესახებ. ყველა ეს ასპექტი მოითხოვს სერიოზულ საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მინსკის შეთანხმების შესაბამისად, ასევე ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინსვლისთვის,“ - აცხადებს ზბიგნევ რაუ.
განცხადება გააკეთა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა.
"ევროპულ უსაფრთხოებაზე მსჯელობა ახლა საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს რეგიონში ვითარება ნამდვილად რთულია. იმპერატივია ის, რომ გამოსავლის გზა დიპლომატიის გზით ვიპოვოთ. არაფერი განიხილება ან შეთანხმდება ევროპაზე - ევროპის გარეშე, იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე თუ ჩვენს სხვა წევრზე," - აცხადებს ჰელგა მარია შმიდი.