პირველი ვეტო არ შედგა. სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ შეაჩერა კანონის ძალაში შესვლა, რომლის გამოც ის თავადაც აკრიტიკებდა მმართველ პარტიას.
ამრიგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საბოლოოდ გაუქმებულია.
მეხუთე პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ისევ უწუნებს თუმცა, კანონს ხელს მაინც აწერს.
სალომე ზურაბიშვილმა ფიქრისთვის ორ კვირიანი ვადა მთლიანად გამოიყენა და "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონს, მწვანე შუქი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე აუნთო. არ გამართლდა არც ოპოზიციის და არც თავად ლონდა თოლორაიას მოლოდინი, რომ პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა. ამრიგად, სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ.
პრეზიდენტის მხრიდან ვეტოსთვის აუცილებელი არგუმენტების არარსებობა ლოგიკურად მიაჩნიათ მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ კანონში ცვლილებების მიღება, დაჩქარებული ფორმატის მიუხედავად, საკვანძო საკითხების განხილვის შემდეგ მოხდა.
სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილებას და გამბედაობას უწუნებენ საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ამ დრომდე მიუღებელია კონკრეტული კანონების როგორც შინაარსი, ასევე მათი დამტკიცების ვადებიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან დაპირისპირებას მოერიდა.