პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანონპროექტებს ვეტო არ დაადო - ასე ეხმიანებიან ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ არსებულ კანონებზე ხელმოწერას. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ვეტოს უფლების გამოყენებით ცხადი გახდებოდა, რომ სახელწიფო მეთაური ეწინააღმდეგება ქვეყანაში არადემოკრატიული ცვლილებების მიღებას.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი გეგელიას თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს არ გამოყენებით სალომე ზურაბიშვილმა დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.
"პრეზიდენტს ჰქონდა უნიკალური საშუალება, რომ ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების სახით გაეგრძელებინა ის დადებითი ძალისხმევა, რომელიც მან ამ ბოლო პერიოდში შექმნა. ის დინამიკა, რომელიც ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, ქალბატონმა პრეზიდენტმა დაუშვა ძალიან დიდ პოლიტიკური შეცდომა, როდესაც ამ კანონპროექტებს არ დაადო ვეტო, რადგან ეს იყო უნიკალური შანსი, რომ მას გაეცხადებინა პოლიტიკური და მორალური პოზიცია,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრს პაატა მანჯგალაძეს, ის მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა სიმბოლური დემოკრატიული ქვეყნისთვის.
"კარგი იქნებოდა პრეზიდენტს გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული მექანიზმი. მართალია სამართლებრივად დაბრკოლებებს ვერ შეუქმნიდა ამ კანონის მიღებას, მაგრამ ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლო პრეზიდენტის მხრიდან ის, როგორც სახელმწიფო მეთაური არ ეთანხმება არადემოკრატიულ ცვლილებებს ქვეყანაში,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.