საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის 4 კანდიდატიდან 3 პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს - როგორი ხედვები და მოლოდინები აქვთ კანდიდატებს.
ვინ ჩაიბარებს ცესკოს - საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობა 4 კანდიდატს სურს, მათ შორისაა მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.
კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მას გრძელვადიანი ხედვები აქვს და მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, იცის თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია განვითარების ახალ ეტაპზე.
ასევე, ერთ-ერთი კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ მან ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მომდევნო არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტურად ჩარევის გარეშე:
"ვხედავთ როგორია კონკურენცია, მხოლოდ მე ვარ ნეიტრალური წევრი, დანარჩენები საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არიან. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა და კიდევ ერთი შანსი, რათა პიროვნულად ნეიტრალური კანდიდატი წარადგინოს. მე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ჩატარდეს მომდევნო არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტურად ჩარევის გარეშე,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე.
მესამე კანდიდატ გიორგი შაიშმელაშვილს კი, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის კანდიდატურას შეარჩევს:
"2004 წლიდან მაქვს საარჩევნო პროცესებში გამოცდილება, მაქვს ასევე შესაბამისი კვალიფიკაცია, დანარჩენს კი გასაუბრებები აჩვენებს. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ კონკურსში მონაწილეობა. პრეზიდენტის მიერ წარდგენის იმედი მაქვს," - აღნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი შაიშმელაშვილი.