03 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
"გამოხატულია გულისრევა-ღებინების მომენტები, მუცლის ტკივილი" - ციციშვილის ბავშვთა კლინიკამ ბოლო 24 საათში 30 კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღო

36 გარდაცვლილი და 5 567 ინიფიცრებული. ომიკრონით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში "დელტა" შტამს დაახლოებით 80%-ით ჩაანაცვლებს ახალი მუტირებული შტამი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება მოსალოდნელი რთული ეპიდსიტუაციის სამართავად.

დატვირთვა გაიზარდა პედიატრიულ განყოფილებებშიც. ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ბოლო 24 საათში კი კლინიკამ 30 პაციენტი მიიღო.

"ციციშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 116 პაციენტი, აქედან უმეტესობა ბავშვები არიან. ბოლო პერიოდში მოიმატა უფრო მეტად ზემო სასუნთქის რესპირაციულმა მოვლენებმა პაციენტებში, როგორც ჩანს მაღალი ცხელება რჩება "დელტას" მსგავსად "ომიკრონის" შემთხვევაშიც წამყვანად იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. უფრო მეტად გამოხატულია გულის რევა-ღებინების მომენტები, მუცლის ტკივილი," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

მეექვსე ტალღის პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ ყოველდღიურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20 ათასსაც მიაღწევს.

"შეიძლება იყოს 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილების, არამედ შემცირებას, თუკი ჩვენ მობილიზებული გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი იმ კონტიგენტში, რომელიც ჯერ არაა აცრილი," - ამბობს კლინიკა ”ნეოლაბის” დირექტორი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.

დღის ამბები